06 September, 2014

შაორის ტბა

რაჭა... და ზედმეტი აღწერა ბუნებას აღარ სჭირდება :)



23-24 აგვისტო. მშვენიერი დროა გაექცე ქალაქს, სიცხეს და უჰაერობას. მთავარია მოიფიქრო, სად შეიძლება გამყოლი სიგრილე იპოვო. მთაში კარგია. საქართველოში ბევრი "მთაა", შენ მხოლოდ აირჩიე. სწორედ ამ მარტივი ლოგიკით დავადექით რაჭის გზას.


რამდენიმე წელია რაჭაში არ ვყოფილვარ და მომეჩვენა რომ უკეთესი გზები დამხვდა. ასე რომ მსუბუქი, "კუკუ", "დაბალპასატკიანი" ავტომობილების მფლობელებს თამამად შეუძლიათ რაჭის სტუმრობა. ჩვენც ასეთი და თან "გაზიანი" ავტომობილით ვიყავით და დისკომფორტი არ შეგვქმნია არსად.

მარტივი მიმართულება ავირჩიეთ - საქართველოს ცენტრალური მაგისტრალიდან თერჯოლაში გადავუხვიეთ, ტყიბულიც გავიარეთ და შევუდექით აღმართს. ნაქერალასკენ... გინდა ყველგან შეჩერდე, ყოველ მომატებულ მეტრზე გადმოდგე კიდეზე და გადახედო ქვევით მოტოვებულ იმერეთს. ჩვენ სასურათე გადმოსახედიდან ფოტო ვერ გადავიღეთ, შუადღე იყო და მზე ისეთ ზენიტში ავიდა, რომ თეთრად იყო განსხივოსნებული იქაურობა და არაფერი გამოჩნდებოდა. ამიტომ რჩევა: იმ ადგილას ან დილით ადრე უნდა მოხვდეთ ან მზე რომ გადავა :)

ტბამდე ერთი ადგილია, სადაც წყაროა, რა თქმა უნდა, ძალიან ცივი წყლით და კოლორიტული მცხობელით. დიდი ლობიანები და ხაჭაპურები რთული გვერდასაქცევია. რადგან მარხვის პერიოდში აღმოვჩნდით იქ, ლობიანებში რაჭული ლორი არ აღმოჩნდა. მცხობელმა ისეთი სახით გაიკვირვა, მარხვაა და ლობიანში ლორს რა უნდაო - ვერ შეეპასუხებოდი.




გზად ერთ მონაკვეთზე მაინც წასძლია მანქანას სულმა, წყალი დაიმატა და ფოტოები გადაგვაღებინა. უღელტეხილზე უკვე ფიქრობ "რა მაგარია" და ცდილობ ყველაფრით ერთად დატკბე - სიმშვიდით, ბუნებით, სილამაზით, ცით, ხედით, ჰაერით, ტემპერატურით, წყაროს წლით... უქალაქობით! მაგრამ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა და აგრძელებ გზას.






ნაქერალაზე რომ ახვალ, თითქოს ეგრევე ტბაზე გადიხარ. ნელ-ნელა, ცოტ-ცოტა შემოგეპარება ამხელა შაორი. გარშემო სულ ტყე და სიმწვანეა, მაგრამ ჩვენ მარჯვენა მხრიდან შევედით, სადაც უფრო დაბურული ტყის მონაკვეთია. ხალხიც ცოტაა, რადგან სამანქანო გზა არ არის, იქ მხოლოდ offroad-ისთვის განკუთვნილი ავტომობილები მოძრაობენ. ჩვენც სადამდეც შევძელით, შევედით და დანიშნულების ადგილამდე ფეხით მივედით ჩვენი ბარგიანად.

რჩევა ტყეში სიარულისას: ფეხზე ჩაიცვით ტალახზე ორიენტირებული ფეხსაცმელი :))) ნაწვიმარი არ იყო, მაგრამ ალაგ-ალაგ ისეთი ტალახი დაგვხვდა, შემეცოდა ჩემი ბოტასები.

დავბანაკდით ტბის პირას შემაღლებულ ადგილზე. წინ ტბა, გარშემო ტყე, თავზე ლურჯი ცა და ხეებში გამოპარული მზე... ყველაფერი იდეალურად იყო. უცებ დავორგანიზდით - გავშალეთ კარავი, ამოვბარგდით, მოვაწყვეთ საპიკნიკე ადგილი, მოვზიდეთ მთელი ღამის სამყოფი შეშა, დავანთეთ კოცონი, ავაცვით მწვადები ტოტებისგან გამოთლილ შამფურებზე, ჩავყარეთ ანკესები, დავსხედით და... სიჩუმე... ისეთი ნეტარება, როცა მწეველს მოწევაც კი ავიწყდება :)


ფოტოები დიდად ვერ გადავიღე. ჩხაკა-ჩხუკისთვის მოცდენა არ მინდოდა და თან შესაბამისად აღჭურვილიც არ ვიყავი. აშოლტილი ხეები, პატარა ფუმფულა ნაძვები (ისეთი ფუმფულები, რომ ერთი-ორს ჩავეხუტე კიდეც), კლდეებში და ქვებში ამოწვერილი ყვავილები, გაუვალი, მაგრამ ლამაზი ბუჩქები (სადაც ფანტაზიის მიხედვით დაძვრებოდნენ სხვადასხვა ცხოველები), რაღაც საშობაო მცენარესავით... მოკლედ ძალიან ლამაზია თითქოს ყველაფერი.

               
"აშოლტილი ხეები"
ტბის პირი


საღამოს საგრძნობლად აგრილდა. სასიამოვნოა, როცა 40 გრადუსიან სიცხეს გამოქცეული შარვალს და გრძელმკლავიან ზედას იცვამ. რაჭაში ნისლი ხშირად იცის, ჰოდა, არ დააყოვნა მორიგმა საოცრებამ. მთის ფერდობებიდან ისეთი ბურუსი დაიძრა ქვევით ტბისკენ, რომ მალე ხელშესახებიც გახდა.





  
ნისლის მიუხედავად, მეთევზე მაინც საქმეში იყო ;)

ღამით ანკესის წვერს იქით აღარაფერი ჩანდა

ნისლს არაფერი უჭირდა, მაგრან ნელ-ნელა მოიღრუბლა და ამინდი გაფუჭდა. როგორც წესი, ამინდის პროგნოზი არაა სანდო. ჩვენ რატომღაც მაინც ვენდეთ accuweather.com-ს და გვეგონა მზიანი და საკურორტო ამინდი გვექნებოდა ორი დღის განმავლობაში. ვახშმისა და კოცონთან მუსაიფის შემდეგ, მგზავრობით და დასვენებით დაღლილებმა კარავში დავიძინეთ. (მთელი საღამო ერთი ციყვი იმდენს დახტოდა ჩვენს გარშემო ხიდან ხეზე და ისე ხმაურობდა, ნერვული სისტემა დაგვიზიანა, მაგრამ თურმე უარესი წინ გველოდა), მალევე დაიწყო წვიმა და მგონი მსგავსი სიძლიერის და ხანგრძლივობის მთელი ზაფხულის განმავლობაში არ ახსოვდა რაჭას. ჩვენმა საზაფხულო კარავმა 2-3 საათის განმავლობაში ვაჟკაცურად გაძლო, მაგრამ მერე უკვე მსუბუქად ცრიდა შიგნითაც. გაგვეღვიძა ყველას. გარედან ჭექა-ქუხილის, მეხის დაცემის, ნიაღვრის, თქეშის და ათასნაირი ავისმომასწავებელი ხმები შემოდიოდა. ნელ-ნელა დავსველდით. აზრი აღარ ჰქონდა კარავში დარჩენას. მივატოვეთ ყველაფერი და მანქანისკენ წამოვედით. ბილიკი უარესად ატალახდა. ძალიანაც აღარ წვიმდა და ხეებშიც ბოლომდე არ ატანდა წვიმა. ჩვენთვის უკვე სულ ერთიც იყო, მთავარი იყო მანქანამდე მიღწევა. ახლოში ტურის ხმა ისმოდა, რომელსაც სულ უფრო და უფრო ვუახლოვდებოდით. ბიჭებიც ხმას აგონებდნენ. ვის ვისი ეშინოდა უფრო არ ვიცი, ის ისე ახლოს იყო, რომ გამიკვირდა რომ არ გადავეყარეთ. მალე ორმხრივი ღრიალით მივხვდით რომ ტურამ გვერდი აგვიქცია. 4 კაცს მანქანაში როგორ გვეძინა რთული წარმოსადგენი არ უნდა იყოს. დილით ჩემმა სახსრებმა ძალიან ინანეს, რომ სველ კარავში არ გავაგრძელე ძილი.

რჩევა ღამისთევისთვის: აუცილებლად იქონიეთ წყალგაუმტარი, ქარგამძლე, ბადიანი (კოღოებისგან დასაცავად) კარავი და გემრიელი საძილე ტომრები თავისი ქვეშსაგები "პარალონებით". როდესაც შესაბამისად ხარ ეკიპირებული, დაახლოებით იმ გაცვეთილი ფრაზის არ იყოს - "თავს ტანკში გრძნობ". მიუხედავად იმისა რომ ავტომობილი უფრო "ტანკურია", სრულებით არაკომფორტულია ღამის გასათევად,

დილით, ვითომც ღამეს მშვიდად ჩაევლოს, მზის სხივები გამორბოდნენ ტოტებიდან. დავუბრუნდით ჩვენს ბანაკს და ხელახლა მოვაწყვეთ საპიკნიკე ზონა, დავძებნეთ შედარებით წვიმას გადარჩენილი შეშა და ავაგიზგიზეთ კოცონი. წყალში ჩატოვებულ ანკესებზე ორი მოზრდილი კობრი დაგვხვდა. კვლავ ტოტებისგან გამოთლილ შამფურებზე წამოვაცვით თევზები, ნაკვერჩხალში ჩავყარეთ კარტოფილი, სიმინდი... მშვენიერი გამოვიდა. დიდად თევზის მოყვარული არ ვარ, მაგრამ ეს თევზი უგემრიელესი იყო. 

ერთადერთი რამაც ოდნავი დისკომფორტი შეგვიქმნა ეს იყო სასმელი წყალი. მხოლოდ 10 ლიტრი წყალი გვქონდა და ვერ ვიკმარეთ, ერთხელ მოგვიწია ნიკორწმინდაში მარაგზე გასვლა. 

რჩევა: ტბის პირას ერთ ადგილას (ამბროლაურისკენ მიმავალი გზის მხარეს) არის წყარო. თუ ახლოში დაბანაკდებით წყლის პრობლემა არ გექნებათ, მაგრამ თუ ჩვენსავით მარჯვენა ნაპირას შეხვალთ, წყლის არასაკმარისი რაოდენობა ნამდვილად შეგაწუხებთ.

ბოლოს, რა თქმა უნდა, ყველაფერი ავკეცეთ, ჩავბარგდით, ნარჩენები და ნაგავი ერთად შევკარით და წამოვიღეთ. ამას ხაზგასმით იმიტომ აღვნიშნავ, რომ არაერთი ნაბანაკარი ნაგავი დაგვხვდა. ადამიანებს, რომლებმაც ბუნების ხიბლი და მისი ფასი იციან, მიკვირს, იმდენი შეგნება რატომ არ აქვთ, რომ ღორების ჩინ-მედლებით არ დაბრუნდნენ ხოლმე უკან. შეიძლება ძალიან უხეში ვარ, მაგრამ სამწუხაროდ, რეალობა უარესია.

რჩევა: პატივი ვცეთ თუნდაც ერთმანეთს და ჩვენი დასვენების და ნებივრობის შემდეგ ნუ დავტოვებთ ადგილს აოხრებულს. აბა ეკოლოგიის პრობლემებზე და ბუნების მოფრთხილებაზე მგონი აზრი არ აქვს მოხსენების წაკითხვას :(

და ესეც გამოსამშვიდობებელი მატრაკვეცული "სელფშოტი"...



რაჭა, მომავალ შეხვედრამდე... :*


12 October, 2013

I'm a Blogger

და აი, დღეს "გავბლოგერდი". what's next? უნდა ვწერო. "გინდა წერო, უნდა წერო" - მომწონდასავით ისე ეს სლოგანი...

პირველი, რაც გავაკეთე, "დავგუგლე" ბლოგი. ვიკიპედიამ იმდენი ინფორმაცია მომაწოდა, რომ ჩამთვლიმა. უშნო წესად მექცა, ყველაფერს "ვგუგლავ" და პრინციპით "მე ვიცი, რომ არაფერი არ ვიცი" - მეკარგება დრო... სიახლეებს რა გამოლევს. თან ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული და... კიდევ კარგი ჩამთვლიმა :))))

ხუმრობა იქით იყოს და იმდენ უცხოურ ბლოგს გადავავლე თვალი, ჩემის საჭიროება რომ აღარ არსებობს დავრწმუნდი. მაგრამ თვითგართობის თუ რაღაც სიახლის მბჟუტავი ინტერესით მაინც დავიწყე...

რა არის ბლოგი? ბლა-ბლა-ბლა. საზოგადო თუ პირადი, საინტერესო თუ უინტერესო, კარგი თუ ცუდი... მაგრამ მაინც ბლა-ბლა-ბლა. ჩვენ, ადამიანებს, გვიყვარს თავის წარმოჩენა და ვცდილობთ ერთმანეთზე "უკეთესი" გადმოვაფრქვიოთ. რამდენი მცდელობაცაა იმდენი ახალ-ახალი ბლოგი იქნება. ჩემიც ალბათ ასეთი იქნება :) ვეცდები იმათ რიცხვში დავრჩე, ვინც "თავის ჭიას ახარებს". ამ თანამედროვე ტექნოლოგიების გადამკიდე, ჩემს დღიურზე მეტად ხელმისაწვდომი ეს ბლოგი იქნება, ასე რომ...

პრიმიტიული წარმოდგენით - თერაპია დაიწყო:

დღეს 12 ოქტომბერია.
მე მქვია მარი და დღეიდან მე ბლოგერი ვარ...

ჰადესის გვირაბი

იმდენად დიდხანს მეძინა, რომ ფიქრებში მოვკვდი...

დათო ტურაშვილის კლინიკური სიკვდილის ამბავი გამახსენდა. ბავშვობაში ისე ჩამრჩა, თითქოს სიკვდილის ყველაზე ზუსტი აღწერა ყოფილიყოს. 

გვირაბში პუშკინი არ მინახავს, მაგრამ უამრავი სახე ჩანდა. დიდ სისწრაფეზე მიმავალი მხოლოდ ერთ სახეს ვხედავდი მკვეთრად. იგი სულ თან მსდევდა.

ნელ-ნელა ყველაფერი უკან მოვიტოვე. ვგრძნობდი, რომ მალე ვეღარაფერს ვიგრძნობდი. გაუგებარი თანმიმდევრობით ვკარგავდი ყველაფერს, რითაც ადრე ვიყავი სავსე. სათითაოდ ყველა წელი დამავიწყდა. აღარც ფიქრები, აღარც გრძნობები, აღარც ნაცნობები, ახლობლები, მეგობრები, ოჯახის წევრებიც კი... სულ მეტად ვიცლებოდი.

"ჭურჭელს თიხისგან ამზადებენ, მაგრამ ჭურჭლის არსს მასში მოქცეული სიცარიელე ქმნის..." - ლაო ძი.

ამ გამონათქვამმა ერთხელ უკვე დამაფიქრა. მაშინ უბრალოდ ვწერდი კონკურსისთვის, ახლა კი თითქოს ვამტკიცებდი...

თანდათან განვიძარცვე ყოველივესგან და ისეთი მსუბუქი გავხდი, რომ უფრო და უფრო მეტი სისწრაფით მიმაქანებდა... უკანასკნელი, ვინც დავინახე იყო...  "დედა" - გავიფიქრე და იმავე წამს დამავიწყდა. მხოლოდ ექოსავით ჩამესმოდა სიტყვა "დედა" და ვეღარ ვხვდებოდი რას ნიშნავდა.

ისევ ეს სახე. თითქოს ჩემს უკან დაბრუნებას ცდილობდა. რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ აღარაფერი მესმოდა. რატომ ცდილობდა? - მინდოდა მეფიქრა, მაგრამ აღარც ეს შემეძლო.

გვირაბის ბოლოს სინათლე არ ჩანდა. ჩანდა მხოლოდ ის, რომ სადღაც იყო დასასრული. ცარიელი თიხის ჭურჭელი, რომელშიც ხელშეუხებელი სულიღა იყო დარჩენილი, მორჩილად მიემართებოდა შემქმნელისკენ. მას აღარც სახელი ერქვა, აღარც ადამიანს ჰგავდა რამით. ადამიანად ყოფნის დროს ღირებულით ვერაფრით შეავსო, ამიტომ ჩამოერთვა ეს უფლება და ახლა კვლავ საწყის წერტილს უბრუნდებოდა.

ჭურჭლის არსი... სიცარიელე... ცოტაც...

...

თითქოს რაღაც ძალამ პირდაპირ ჩემს წინ ჩამოამხო ეს გვირაბი. ისე უცებ და მკვეთრად გავჩერდი, რომ რაღაცასთან ჭიდილში და რყევაში გამომეღვიძა. ბნელ ოთახში აღმოვჩნდი და დაბრუნებულმა გონებამ ძლივს აღიქვა რა მოხდა.

სიბნელეში მხოლოდ იმ სახეს ვხედავდი. "ნეტავ ვინ არის?" - ვფიქრობდი და გამახსენდა...

ვისთვის ჩვევაა, ვნებაა, რწმენაა...
ის, რაც გვაკლია, ვეძებთ... რაშიც ვპოულობთ. არადა ჩვენშია.
კინეტიკურია თუ პოტენციური - ენერგიაა. ხან ვხარჯავთ, ხან ვიღებთ...
ჩვენი დამოკიდებულება სამყაროს მიმართ - სამყარო ჩვენში და ჩვენ სამყაროში...
მიზეზი და მიზანი...
სხვადასხვა ხანგრძლივობის და სიმძიმის ჯაჭვი, რომელსაც ან ვზიდავთ, ან სამკაულივით ვიხდენთ...
კავშირი ბედნიერებასთან და გასაღები ჩარაზული ბნელი ოთახიდან გამოსასვლელად...
ერთი ჩასუნთქვის და წამის უსასრულობა...
არსი!


* * *
რა უაზრო გამონათქვამია "სიყვარულის ახსნა"...